ვიკიბანაკები/ქცევის წესები
ზოგადი დებულებები
ვიკიმედია საქართველოს ვიკიბანაკი არის ვიკიმედიის პროექტების შესწავლის მოკლევადიანი ტრენინგ კურსი, რა დროსაც მოხალისე რედაქტორები და სხვა დაინტერესებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობენ ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას. ვიკიბანაკი არის უნიკალური რესურსი ვიკიმედიის პროექტებში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად.
ვიკიმედიის პროექტების შესწავლის გარდა, ვიკიბანაკი არის პირთა სოციალიზაციის გარემო და შესაბამისად, ვიკიმედია საქართველო ცდილობს ყველასთვის შექმნას უსაფრთხო, მეგობრული და ინკლუზიური გარემო, რათა მათი გამოცდილება იყოს საუკეთესო.
ზემოთ მოხსენებულიდან გამომდინარე, ვიკიმედია საქართველო ნერგავს აქ მოცემულ ქცევის კოდექს ყველასთვის, ვინც მონაწილეობას იღებს ვიკიმედია საქართველოს მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ ვიკიბანაკში. ამ ქცევის კოდექსის დაცვა ევალება ყველა პირს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ქცევის კოდექსის დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას და სანქციას ვიკიმედია საქართველოს მიერ.
პატივისცემა
ვიკიბანაკის მონაწილეები თანაბარი პატივისცემით უნდა მოეპყრონ ბანაკის ყველა მონაწილეს, მათ შორის (და არამხოლოდ) უშუალოდ ბანაკის მონაწილეებს, ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებს, მომსახურე პერსონალს და სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული უნარებისა თუ პიროვნული თვისებებისა. პიტივი უნდა სცენ ბანაკის მონაწილეებისა და სხვა პირების აზრებს, შეუქმნან მათ ყველა პირობა იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად.
ბანაკის ყველა მონაწილეს, გარდა ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებისა, ევალება:
1.1. ისაუბრონ კეთილგანწყობილად და პატივისცემით ბანაკის მონაწილეებთან, ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებთან, მომსახურე პერსონალთან და სტუმრებთან;
1.2. არ გამოიყენონ შეურაცხმყოფელი სიტყვები ან დაცინვა;
1.3. პატივი სცენ განსხვავებულ კულტურებს, რელიგიებს და პირად პრეფერენციებს;
1.4. არ მიიღონ მონაწილეობა ბულინგში, შევიწროებასა და გარიყვაში. მსგავსი შემთხვევების შესახებ დროულად უნდა აცნობონ ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებს.
მონაწილეთა ვალდებულებები
ვიკიბანაკის ყველა მონაწილე, მიუხედავად მისი როლისა, ვალდებულია გაითვალისწინოს და მიჰყვეს ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლების მითითებებს და მოთხოვნებს. არ გათვალისწინების და ნებართვის გარეშე მოქმედება გამოიწვევს შესაბამის სანქციებს ვიკიმედია საქართველოს მხრიდან.
ბანაკის ყველა მონაწილე, გარდა ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებისა, ვალდებულია:
2.1. ყოველთვის მოუსმინოს და მიჰყვეს ბანაკის ხელმძღვანელებისა და ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლების მითითებებს;
2.2. იყოს ვიკიბანაკისთვის ვიკიმედია საქართველოს მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე (სასტუმრო, საკონფერენციო სივრცე ან სხვა), თუ არ გაქვთ გასვლის ნებართვა ან თან არ გახლავთ ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენელი;
2.3. ნებართვის გარეშე, არ შევიდეს შეზღუდულ ზონებში;
2.4. ეჭვის არსებობის შემთხვევაში რაიმე აქტივობის ან ინსტრუქციის მიმართ, სთხოვოს განმარტება;
2.5. იყავით პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე. აღიარეთ შეცდომები და ეცადეთ მათ გამოსწორებას;
2.6. ყურადღება მიაქციოს საკუთარ ნივთებს;
2.7. შეეცადოს ჩართოს სხვებიც საუბარში და აქტივობებში;
2.8. მოერიდოს ექსკლუზიური ჯგუფების შექმნას, რაც სხვებს თავს გარიყულად აგრძნობინებს;
2.9. დროულად გამოცხადდეს ყველა აქტივობაზე, კვებაზე და შეხვედრაზე. პატივი სცეს ვიკიბანაკის განრიგს;
2.10. თუ მონაწილეს არ შეუძლია მონაწილეობა ავადმყოფობის ან სხვა საფუძვლიანი მიზეზის გამო, წინასწარ უნდა აცნობოს ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენელს. ნებისმიერ აქტივობაზე არდასწრება/არმონაწილეობა დადასტურებული უნდა იყოს ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენელის მიერ;
2.11. ყურადღებით მოეპყროს ბანაკის ინფრასტრუქტურას, მოწყობილობასა და საერთო სივრცეებს;
2.12. დაიცვას თავისი საცხოვრებელი და საერთო ადგილების სისუფთავე;
2.13. პატივი სცეს სხვის პირად სივრცეს და ნივთებს;
2.14. დაიცვას სხვა მითითებები და მოთხოვნები, რასაც ამ ქცევის კოდექსის გარეთ დაადგენს ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენელი.
დაუშვებელია
ვიკიმედია საქართველოს ვიკიბანაკის მონაწილის მიერ, ქვემოთ მოცემული ნებისმიერი ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებს აქვთ უფლება მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი სანქცია დამრღვევის მისამართით.
ვიკიმედია საქართველოს ვიკიბანაკის ყველა მონაწილესთვის, გარდა ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლებისა, დაუშვებელია:
3.1. ვიკიბანაკის მონაწილეების პირად სივრცეში/საცხოვრებელ ოთახში შესვლა. დაუშვებელია სხვა ბანაკის მონაწილის ან სხვა პირის (გარდა, სასტუმროს ან სხვა მომსახურე პერსონალის და ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლების) შესვლა დღის ან ღამის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში. ნებისმიერი ჯგუფური ინტერაქციის და აქტივობისთვის უნდა გამოყენებული იყოს მხოლოდ საზოგადო/საერთო/აკადემიური სივრცე;
3.2. სამუშაო დღის დასრულების და მონაწილეების საძინებლებში გადანაწილებისათვის დადგენილი საათის შემდეგ, დაუშვებელია მონაწილის მიერ სხვა მონაწილის საძინებელში სტუმრობა და საძინებლის ნებართვის გარეშე დატოვება;
3.3. ვიკიმედია საქართველოს მიერ ვიკიბანაკისთვის განსაზღვრული ტერიტორიის გარეთ გასვლა;
3.4. ვიკიბანაკის აქტივობებში, მათ შორის ტრენინგებსა და სასწავლო სესიებში არ მონაწილეობა;
3.5. ფოტო, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერების გაკეთება სხვების ან/და ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლების თანხმობის გარეშე;
3.6. სოციალური მედიის პოსტებში შეურაცხმყოფელი ან შეუფერებელი მასალის/სიტყვების გამოყენება ბანაკის მონაწილეების მისამართით;
3.7. ალკოჰოლური, თამბაქოს, ენერგეტიკული სასმელების და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება და გამოყენება;
3.8. ფიზიკური და არაფიზიკური კონფლიქტები, სარისკო თამაშები და ხუმრობები;
3.9. მოწილის მიერ ბილწსიტყვაობა;
3.10. სხვა ნებისმიერ ქცევა და ქმედება, რომელიც არ არის დადგენილი ამ ქცევის კოდექსით და რასაც დამატებით დაადგენს ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენელი.
სანქციები და შეზღუდვები
ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაციას აქვს უფლება ზემოთ მოცემული წესების დარმღვევის მიმართ გაატაროს ქვემოთ მოცემული შესაბამისი სანქციები:
- მცირე დარღვევებმა გამოიწვევს სიტყვიერ გაფრთხილებას;
- გამეორებულმა ან სერიოზულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მშობლების/მეურვეების ინფორმირება ან/და მონაწილის მიერ ბანაკის დატოვება.
- 2.2., 3.1., 3.2., 3.3., 3.7. და 3.8. პუნქტების დარღვევა იწვევს მონაწილის დაუყონებლივ გაძევებას ბანაკიდან.
მონაწილის ვიკიმედია საქართველოს ვიკიბანაკიდან საბოლოო გაძევების გადაწყვეტილებას იღებს ვიკიმედია საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ვიკიმედია საქართველოს ვიკიბანაკში მყოფი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
დასკვნითი დებულება
ამ ქცევის წესის და ვიკიმედიას საქართველოს წესდებას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს წესდება.
მიმდინარე პოლიტიკის შეცვლის და მასში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს და ადმინისტრაციას.

