ვიკიმედია საქართველო/არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა
დამტკიცებულია
„ვიკიმედია საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს მიერ
2023 წლის 5 ივლისს.
ვიკიმედია საქართველოს არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა
ქ. თბილისი
2023 წელი
რა არის ეს პოლიტიკა
არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა არის „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ემყარება „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ შემუშავებულ „გლობალური ბლოკირების პოლიტიკას“, „გამოყენების პირობებს“ და ასევე ვიკიმედიის საზოგადოების პოლიტიკას „გლობალური ბლოკირების“ შესახებ. მიმდინარე ეს პოლიტიკა უზრუნველყოფს „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ ორგანიზაბულ ან დაფინანსებულ, ან და პარტნიორად აღქმულ პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებზე უსაფრთხოების, ნდობის და კეთილგანწყობის უზრუნველყოფას.
რა არ არის ეს პოლიტიკა
მიმდინარე ეს პოლიტიკა არ არის „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ შემუშავებული „გლობალური ბლოკირების პოლიტიკის“ და ვიკიმედიის საზოგადოების პოლიტიკის „გლობალური ბლოკირების“ ზუსტი ანალოგი. ასევე, ამ პოლიტიკის მიხედვით არ ხდება ვიკიმედიის პროექტებში პირის ბლოკირება, თუ ეს პოლიტიკა შეეხო კონკრეტულ პირს.
მიზანი
„ვიკიმედია საქართველოს“ სურს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, ნდობა და კეთილგანწყობა თავის პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში ყველას მხრიდან. ორგანიზაციის მიზანია მონაწილეების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი გარანტიის მიცემა ყველასთვის.
უსაფრთხოების, ნდობის და კეთილგანწყობის უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს ორგანიზაციას მაქსიმალურად ჩართოს და განავითაროს ვიკიმედიის პროექტები ქართულ ენაზე და ვიკიმედიის მოძრაობა საქართველოში და რეგიონში.
კრიტერიები
შემდეგი მიზეზები შეიძლება გახდეს კონკრეტული პირის „ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სიაში შეყვანის:
- პირი თავისი ქმედებებით ხელს უშლის „ვიკიმედია საქართველოს“ საქმიანობას, მუშაობას ან არსებობას;
- პირი თავისი ქმედებებით არღვევს „ვიკიმედია საქართველოს“ წესდებას, ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს;
- პირი თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის „ვიკიმედია საქართველოს“ და მის წევრებს ან ვიკიმედიის საზოგადოებას;
- პირი ემხრობა საომარ მოქმედებეს, ომს და სამხედრო/სამოქალაქო კონფლიქტებს, რაც იწვევს ადამიანთა სიკვდილს/ტკივილს ან სხვა სახის განცდებს;
- პირი ემხრობა ან მხარს უჭერს ისეთი ქვეყნების პოლიტიკას/მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალი ცოდნის გავრცელების იდეას და ბლოკავენ ვიკიმედიის პროექტებსა და მოძრაობას (მაგ., რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთი კორეა, ვენესუელა და ა.შ.);
- პირი ონლაინ ან პირისპირ სივრცეში ემუქრება სხვებს, მათ შორის ვიკიმედიის საზოგადოების წევრებს;
- პირი, რომელიც „ფონდ ვიკიმედიის“ და ვიკიმედიის საზოგადოების მიერ „გლობალური ბლოკირების პოლიტიკის“ შესაბამისად დაბლოკილია.
აკრძალვა
პირს „ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სიაში შეყვანის შემდეგ ეკრძალება:
- „ვიკიმედია საქართველოს“ პროგრამებში, პროექტებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში (შეხვედრები, კონფერენციები, ბანაკები და ა.შ.) მონაწილეობა/დასწრება;
- „ვიკიმედია საქართველოს“ წევრობა;
- „ვიკიმედია საქართველოს“ დასაქმება;
- „ვიკიმედია საქართველოს“ თანაორგანიზატორად რეგისტრირებულ ღონისძიებებზე მონაწილეობა;
- „ვიკიმედია საქართველოსგან“ მატერიალური ან არამატერიალური ჯილდოს მიღება;
- „ვიკიმედია საქართველოსთან“ ნებისმიერი სხვა სახით თანამშრომლობა.
გადაწყვეტილების მიღება
„ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სიაში კონკრეტული პირის შეყვანის შესახება გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო. ამავე დროს, ორგანიზაციის „საერთო ფორუმი“ უფლებამოსილია ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის სიაში შეყვანის შესახებ გააუქმოს, ფორუმის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
კონფიდენციალობა
„ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სია არ არის საჯარო და სიაში შეყვანილი პირების ვინაობა ხელმისაწვდომია მხოლოდ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის და ასევე, მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზაციის საერთო ფორუმის წევრებისთვის. სია, ასევე მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება „ფონდ ვიკიმედიის“ წარმომადგენლებისთვის.
გასაჩივრება
„ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სიაში მოხვედრილმა კონკრეტულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება თვით სამეურვეო საბჭოში, როგორც პირველ ინსტანციაში. საჩივრის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტულ პირს შეუძლია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ზემდგომ და ბოლო ინსტანციაში გაასაჩივროს, ამ შემთხვევაში „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმში. Ორგანიზაციის საერთო ფორუმის გადაწყვეტილება საბოლოაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
საბოლოო დებულებები
მიმდინარე ამ პოლიტიკის კონკრეტული დებულებები ან მათი ნაწილი თუ არ შეესაბამება „ვიკიმედია საქართველოს“ წესდებას ან საქართველოს კანონებს, უპირატესობა ენიჭება ორგანიზაციის წესდება და საქართველოს კანონმდებლობას.
„ფონდ ვიკიმედიას“ აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული პირების „ვიკიმედია საქართველოს“ არასასურველ პირთა სიიდან ამოღება.