ვიკიმედია საქართველო/კვლევები/2024/საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებებზე
აღნიშნულ კვლევაში მოცემულია საქართველოს ქვემოთ ჩამოთვლილი კანონმდებლობების ანალიზი და მათში მოცემული დებულებების „Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License“ ლიცენზიისთვის (შემდგომში ლიცენზია) შეუსაბამობების დადგენა,[1] რაც ვიკიმედიის პროექტების ლიცენზიას ეწინააღმდეგება. ასევე, მათი აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
ა. საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
ბ. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
გ. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
დ. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“.
შესავალი
ლიცენზია წარმოადგენს ვიკიმედიის პროდუქტების გავრცელების პირობებს. შესაბამისად, იგი ადგენს ვიკიმედიის უკვე საკუთრებაში არსებული პროდუქტების სარგებლობის წესებსა და პირობებს. საქართველოს კანონმდებლობით, ვიკიმედია თავისუფალია საკუთარი ნაწარმოები გაავრცელოს იმ წესებითა და პირობებით, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ლიცენზია არ მოდის წინააღმდეგობაში.
ქვემოთ განხილულია, ვიკიმედიის საქმიანობის ჭრილში, ზემოაღნიშნული კანონმდებლობა როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების პრინციპს. მიმოხილვის ბოლოს შეფასებული იქნება საჯარო უწყებების მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზების გავრცელების პირობები.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი
საქართველოში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონი არის ის ძირითადი ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს.
კონკრეტულად, აღნიშნული კანონი არეგულირებს:
- ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);
- ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);
- გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.[2]
საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.[3]
საავტორო უფლებით დაცული ზემოაღნიშნული ნაწარმოები მოიცავს ფაქტობრივად ყველა ტიპის ნაწარმოებს, მათ შორის, მონაცემთა ბაზებს. თუმცა აღნიშნული კანონი ასევე, ადგენს გამონაკლისებს საავტორო უფლებებისგან.
ვიკიმედიიათვის, როგორც ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციისთვის, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმა არის კანონის 23-ე მუხლი:
ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით:
- ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
ზემოაღნიშნული პუნქტი ვიკიმედიას აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებისთვის ცნობილი ნაწარმოებების ციტირება მოახდინოს სტატიებში, რადგან ვიკიპედიაზე განთავსებული სტატია ჯდება საინფორმაციო მიზნებიდან გამომდინარე აქტივობაში. აგრეთვე, ნორმაში არ არის შეზღუდვა კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისთვის.
- ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;
ზემოაღნიშნული პუნქტი ვიკიმედიას შესაძლებლობას აძლევს სასწავლო ხასიათის მიზნებისთვის გამოიყენოს ფონო- და ვიდეოჩანაწერების სახით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტები.
- გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება;
ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი არ არის რელევანტური.
- დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით;
ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი არ არის რელევანტური.
- ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება;
ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს ვიკიმედიის პროექტებისთვის საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირების შესაძლებლობას. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებს ან სხვა მედია საშუალებებს შეუძლიათ.
- ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის.
ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი არ არის რელევანტური.
საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.[4]
კანონი ვრცელდება:
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
2. საქართველო ზრუნავს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობის, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული საქმიანობის რეგულირების წესი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით.
აღნიშნული კანონი არ არეგულირებს საავტორო უფლებებს. შესაბამისად არ არის კავშირში ლიცენზიასთან.
საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს.[5]
კანონი გარკვეული საკითხების დელეგირებას ახდენს იუსტიციის მინისტრზე და მთავრობაზე. მაგალითად, მინისტრს აქვს უფლებამოსილება ბრძანებით განსაზღვროს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები,[6] ხოლო მთავრობას კი, დადგენილებით შეუძლია განსაზღვროს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები.[7]
მინისტრის ბრძანება დაბრკოლებას უქმნის ვიკიმედიის მომხმარებელს გამოითხოვოს არქივიდან რაიმე დოკუმენტის ასლი, რადგან მისი პირის გამოთხოვის უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დოკუმენტი არ არის სამეცნიერო-ტექნიკურად დამუშავებული.[8] აღნიშნული შესაძლოა ბარიერი გახდეს ვიკიპედიის მომხმარებლისთვის.
რაც შეეხება მთავრობის დადგენილებას, იგი საფასურის გადახდევინების დროს არ ადგენს რაიმე გამონაკლისს ვიკიმედიის მომხმარებელთათვის.[9] იმ ფონზე, როდესაც ვიკიმედიის პროექტები არ ითვალისწინებს ანაზღაურებას მომხმარებელთათვის სტატიის განთავსებისთვის ან ხარჯების ანაზღაურებას, მათთვის სტატიის წერის დროს არქივის დოკუმენტების გამოყენება დაკავშირებულია ფინანსური ვალდებულებასთან, რაც ამ ნაწილში ზღუდავს მათ.
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონის მიზანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი უნიკალური დოკუმენტური მასალების დაცვის, შენახვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. იგი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ და ადმინისტრაციულ საფუძვლებს, ადგენს მის სტატუსს და ფუნქციებს.[10]
კანონის მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტებით სარგებლობის შეზღუდვისა.[11]
გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონი არ აწესებს არაგონივრულ შეზღუდვას ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალების გამოყენების მიმართ.
სახელმწიფო უწყებების მიერ შექმნილი მონაცემების რეპროდუცირება
საქართველოს კანონმდებლობა უშუალოდ არ მიუთითებს თუ რა დომეინით ვრცელდება საჯარო უწყებების მიერ შექმნილი მონაცემები. თუმცა, კანონმდებლობის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მათი გავრცელება შეუზღუდავია. მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალურ დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.[12]
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უზრუნველყოფს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო ინფორმაცია, თუ იგი არ მოიცავს პერსონალურ, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლეოაბას.
დამატებით, სახელმწიფოს აქვს შექმნილი ვებ-გვერდი data.gov.ge, სადაც გაერთიანებულია საჯარო უწყებებში შექმნილი სხვადასხვა მონაცემი. აღნიშნულ ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის ველში ვკითხულობთ, რომ „ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას ღია, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვა სახის სარგებელი.“[13]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა საჯარო უწყებების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს (მათ შორის, საჯარო ბაზებს) განიხილავს, როგორც საჯარო დომენში არსებულ ინფორმაციას. თუმცა, საკითხი ღიად არის დატოვებული ავტორის მითითების ვალდებულების თაობაზე. შესაბამისად, საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევის ყოველივე რისკის შემცირების მიზნით, რეკომენდირებულია ყოველი ინფორმაციის გამოყენებისას მითითებული იყოს ავტორის ვინაობა (საჯარო უწყების დასახელება).
აღსანიშნავია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ავრცელებს საავტორო უფლებებს ოფიციალურ დოკუმენტებზე. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტები აღნიშნულ კანონში შეზღუდული მხოლოდ კანონებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტებით.[14] ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, რეკომენდირებულია შევიდეს ნორმაში ცვლილება და ოფიციალური დოკუმენტების განმარტებას შესაბამისობაში მოვიდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ოფიციალური დოკუმენტების განმარტებასთან.
რეკომენდაციები
- შევიდეს ცვლილება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში, რომლითაც:
- 23-ე მუხლი „ე“ ქვეპუნქტით შესაძლებელი გახდება ვიკიმედიის პროდუქტებისთვის საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება;
- ოფიციალური დოკუმენტების განმარტება შესაბამისობაში მოვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსთან;
- შევიდეს ცვლილება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში და ვიკიპედიის მომხარებლებს, შესაბამისი სტატიის დაწერის მიზნით, მოეხსნათ ფინანსური და სამართლებრივი ბარიერი დოკუმენტის პირის გამოთხოვისთვის.
სქოლიო
- ↑ იხ. ლიცენზიის ქართული ვერსია:. ციტირების თარიღი: 2025-01-17.
- ↑ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის პირველი მუხლი.
- ↑ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მეორე პუნქტი.
- ↑ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის
- ↑ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის პირველი მუხლი.
- ↑ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი.
- ↑ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
- ↑ „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №169 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
- ↑ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №506
- ↑ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონის პრეამბულა
- ↑ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი
- ↑ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი.
- ↑ https://data.gov.ge/Page/PublicInfo
- ↑ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.