შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/მონაცემთა კლასიფიკაციის პოლიტიკა

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

დამტკიცებულია
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მიერ
2026 წლის 16 მაისს.





ვიკიმედია საქართველოს
მონაცემთა კლასიფიკაციის პოლიტიკა


თბილისი
2026 წელი





ზოგადი ინფორმაცია

მონაცემთა კლასიფიკაცია ეფუძნება მისი მგრძნობელობის დონეს და მის გავლენაზე ვიკიმედია საქართველოზე, თუ ეს მონაცემები ავტორიზაციის გარეშე, შესაბამისი ნებართვის არ არსებობის შემთხვევაში გამჟღავნდება, შეიცვლება ან განადგურდება. მონაცემთა მიმდინარე კლასიფიკაცია ხელს უწყობს იმის დადგენას, თუ რომელი საბაზისო უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის კონტროლია საჭირო შესაფერისი მონაცემების დასაცავად. ყველა მონაცემი უნდა კლასიფიცირდეს ქვემოთ მოცემული მგრძნობელობის კატეგორიებიდან ერთ-ერთში.

პოლიტიკა ვრცელდება

ეს პოლიტიკა ვრცელდება ვიკიმედია საქართველოში დასაქმებულ ყველა პირზე (მათ შორის ხელშეკრულებით და დროებით დასაქმებულ პირებზე), წევრზე, მოხალისესა და ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა პირებზე. ყველა ამ პირმა უნდა დაიცვას მიმდინარე პოლიტიკა.

კატეგორიები

ვიკიმედია საქართველო კატეგორიზაციას ახდენს მის ხელთ არსებული ინფორმაციის ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით, რათა განსაზღვროს, ვის აქვს ინფორმაციაზე წვდომის უფლება და რა უსაფრთხოების ზომები მიღებული უნდა იყოს მისი არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად.

არსებობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამი კატეგორია, ესენია:

  • საჯარო;
  • კონფიდენციალური;
  • დახურული.

საჯარო ინფორმაცია

საჯაროა ყველა მონაცემი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას ყველასთვის, მათ შორის ვიკიმედიის მოძრაობისთვის, ვიკიმედია საქართველოს თანამშრომლებისთვისა და წევრებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ამ მონაცემების შეცვლა ექვემდებარება წვდომის კონტროლს, მაგრამ თავად მონაცემები არ წარმოადგენს კონფიდენციალურობის რისკს.

საჯარო ინფორმაცია და მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათი როლის, ფუნქციებისა და სტატუსის მიუხედავად. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვის დაწესება ან მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს შემდეგი სახის ინფორმაცია და მონაცემები:

  • უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველა სახის ინფორმაცია;
  • ვიკიმედია საქართველოს მიერ წარმოებული და წარდგენილი მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის;
  • ვიკიმედია საქართველოს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული კვლევები;
  • ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება ვიკიმედია საქართველოს და გაზიარებულია მის საჯარო ვებ-გვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე;
  • ვიკიმედია საქართველოს წევრების ვინაობა (სახელი და გვარი, მხოლოდ);
  • ვიკიმედია საქართველოს რეპორტები, გეგმები, გზამკვლევები და ამ სახის სხვა ინფორმაცია;
  • ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაციის მიერ მიღებული ბრძანებები, გადაწყვეტილებები, ოქმები და ამ სახის სხვა ინფორმაცია (გარდა მასში მოცემული პირადი ინფორმაციისა);
  • ვიკიმედია საქართველოს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმები;
  • ვიკიმედია საქართველოს მიერ მიღებული წესები და პოლიტიკები;
  • ვიკიმედია საქართველოს საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს კონფიდენციალური ან დახურული კატეგორიის ინფორმაციასა და მონაცემს.

კონფიდენციალური ინფორმაცია

კონფიდენციალური ინფორმაცია არის შეზღუდული ხელმისაწვდომობის, საიდუმლო ხასიათის მონაცემები (სამსახურებრივი, კომერციული, პერსონალური), რომელთა გამჟღავნება, გასაჯაროება ან გადაცემა არაუფლებამოსილი პირებისთვის აკრძალულია.

კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს შემდეგი სახის ინფორმაცია და მონაცემები:

  • პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართები;
  • პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, პირადი ან პირადობის (პასპორტის) ნომერი და სერია, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, ეროვნება, სარწმუნოება, სექსუალური ორიენტაცია და სხვა;
  • პირის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ან მობილურის ნომერი;
  • პირის საბანკო ანგარიში, საბანკო ბარათის მონაცემები და საკრედიტო სტატუსი;
  • ინფორმაცია რეალური ვინაობის შესახებ, მათ შორის სახელი და გვარი, თუ თანამშრომელი/მოხალისე/ორგანიზაციის წევრი ფსევდონიმით მოქმედებენ;
  • პაროლები, PIN კოდები ან სხვა წვდომის კოდები;
  • მიმდინარე სასამართლო დავა, ადვოკატ-კლიენტის პრივილეგირებული კომუნიკაცია;
  • ინციდენტების გამოძიება;
  • ყველა სხვა ინფორმაცია, რასაც ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭო და ადმინისტრაცია მიანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის სტატუსს.

კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და მასზე წვდომა აქვს, ძირითადად, ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაციას და ეყრდნობა ადმინისტრაციის წევრის კონკრეტულ როლზე. შესაბამისად, ყველას როლზე დაყრდნობით აქვს წვდომა ამ სახის ინფორმაციაზე. კონფიდენციალური სახის ინფორმაციაზე წვდომა პირს, მათ შორის ორგანიზაციის თანამშრომლებსა და წევრებს, შეუძლია გასცეს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

დახურული ინფორმაცია

დახურული ინფორმაციაა ის მონაცემები, რომლებიც ეხება ვიკიმედია საქართველოს საქმიანობას და რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალური არ არის, ასევე არ უნდა გაზიარდეს სხვა (გარე) აქტორებთან, რადგან ისინი მგრძნობიარე ხასიათისაა. ამ სახის ინფორმაციასთან მუშაობა უნდა განხორციელდეს სრულად დახურულად და ყურადღებით, რომ იგი არ გახდეს შემთხვევით ან შეცდომით საჯარო.

დახურულ ინფორმაციას წარმოადგენს შემდეგი სახის ინფორმაცია და მონაცემები:

  • ვიკიმედია საქართველოს საქმიანობა, რომელიც ორგანიზაციის ადმინისტრაციის ან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით გასაიდუმლოებულია;
  • საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის პროექტებისა და პროგრამების უსაფრთხოების გასაზრდად;
  • ორგანიზაციასთან ნებისმიერი სახის შემხებლობის მქონე პირების პირადი ცხოვრება;
  • დაუმუშავებელი ან მგრძნობიარე ანალიტიკური მონაცემები;
  • შიდა ორგანიზაციული შეხვედრების ჩანაწერები;
  • შიდა სამართლებრივი შეთანხმებები, კონტრაქტები და ხელშეკრულებები;
  • ყველა სხვა სახის მონაცემი, რომელსაც ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაცია ან სამეურვეო საბჭო დახურული ინფორმაციის სტატუსს მიანიჭებს.

დახურულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

დახურულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და მასზე წვდომა აქვს, მხოლოდ, ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაციას და სამეურვეო საბჭოს. აგრეთვე, სამეურვეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, დახურულ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება მიენიჭოს მესამე მხარეს.

მონაცემებზე წვდომის კონტროლი

მონაცემებზე წვდომის ნებართვის გაიცემა პირის კონკრეტულ როლზე (როლებზე დაფუძნებული წვდომა) დაყრდნობით.

ვიკიმედია საქართველოს თანამშრომლებს და წევრებს სისტემებზე წვდომა ენიჭებათ მათი როლისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. შესაბამისი ნებართვა, ინფორმაციის კატეგორიის შესაბამისად, გაიცემა ორგანიზაციის ადმინისტრაციის ან სამეურვეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს ორგანიზაციის ადმინისტრაცია.

წვდომის მოთხოვნა და დამტკიცება

ინფორმაციაზე წვდომა მოითხოვება შიდა ორგანიზაციული მოთხოვნის საფუძველზე, სადაც უნდა იყოს მითითებულია წვდომის საჭიროება. წვდომა შეიძლება იყოს პერმანენტული ან დროებითი.

ინფორმაციაზე დროებითი წვდომა გაიცემა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. თითოეული დროებითი წვდომის მოთხოვნას უნდა ახლდეს შესაბამისი ახსნა-განმარტება მის საჭიროებაზე. დროებით წვდომას გაცემის დროს უნდა ჰქონდეს ვადა, ვადის ამოწურვის შემდეგ წვდომა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

ინფორმაციაზე წვდომას ამტკიცებს შესაბამისი სტატუსის მქონე პირი (აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე, ან შესაბამისი თანამდებობის პირი) ან სამეურვეო საბჭო შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

მონაცემთა შენახვა

საჯარო სახის ინფორმაციის შენახვის ვადა არ არის განსაზღვრული და მისი შენახვა არ არის ვადით შეზღუდული. კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა განსაზღვრულია სამი (3) კალენდარული წლით, თუ არ არსებობს რაიმე სახის სხვა შენიშვნა ან გადაწყვეტილება მის პერმანენტულ შენახვაზე. დახურული ინფორმაციის შენახვის ვადა განსაზღვრული ხუთი (5) კალენდარული წლით, თუ არ არსებობს რაიმე სახის სხვა შენიშვნა ან გადაწყვეტილება მის პერმანენტულ შენახვაზე. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შენახვის ვადა შეიძლება შემცირდეს ან გახანგრძლივდეს ამ მოქმედ პოლიტიკაში არსებული ვადებისგან.

მონაცემთა განადგურება

შენახული ინფორმაცია და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ინფორმაციის შენახვის ვადის ამოწურვისას ან ამოწურვის შემდეგ. ვიკიმედია საქართველოს ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მონაცემთა წაშლის პროცესების შემუშავებასა და აღსრულებაზე.

დასკვნითი დებულება

ამ პოლიტიკის და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

პოლიტიკის შეცვლის და მასში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს.




ვიკიმედია საქართველო