ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/არჩევნების რეგლამენტი
დამტკიცებულია
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მიერ
2025 წლის 26 ოქტომბერს.
ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს არჩევნების რეგლამენტი
დაბა ბაკურიანი
2025 წელი
ზოგადი დებულება
აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი წევრებიდან, 2 წლის ვადით ან არსებული მოწვევის ვადის ბოლომდე.
სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მის კომპეტენციას განეკუთვნება ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ორგანიზაციაში წევრის მიღება, საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა, სხვა საკითხების გადაწყვეტა.
წევრობა
ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი, არჩევნების გზით, შეიძლება გახდეს აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც აირჩევს ორგანიზაციის საერთო ფორუმი. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე.
არჩევნები
აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება ორგანიზაციის წესდების 7.3 და 7.3.1 მუხლის შესაბამისად. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, წლის დეკემბრის თვეში.
არჩევნები ტარდება აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის საერთო ფორუმის ყრილობის დროს. ფიზიკური შეხვედრის გზით, თუმცა, შეხვედრა ასევე შეიძლება გაიმართოს ონლაინ რეჟიმში, თუ ამას მოითხოვს სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები.
განაცხადების მიღება
არჩევნების თარიღამდე 30 კალენდარული დღით ადრე ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ wikimedia.ge-ზე ცხადდება სამეურვეო საბჭოს წევრობის მოსურნე კანდიდატთა მონაცემების მიღება და სრულდება არჩევნებამდე 7 კალენდარული დღით ადრე.
საარჩევნო კოლეგია
- არჩევნების ჩატარებამდე, საერთო ფორუმი ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 2 (ორი) წევრის შემადგენლობით.
- კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი.
- კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებს.
- ხმების დათვლა მიმდინარეობს ღიად, საერთო ფორუმის წინაშე.
კენჭისყრა
- კენჭისყრა იმართება ფარულად;
- საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილია ყველა კანდიდატი;
- ყოველ ამომრჩეველს აქვს მაქსიმუმ ხუთი ხმის უფლება;
კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ამომრჩეველთა მინიმუმ 50%+1 ხმას და, ამავდროულად, იქნება საუკეთესო შედეგების მქონე პირველ ხუთეულში.
საგამონაკლისო წესი
თუ არჩევნების შედეგად ვერ გამოვლინდა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობა, არჩევნების მომდევნო ტური იმართება იმ კანდიდატებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების საკმარისი რაოდენობა (50%+1 ხმა).
მეორე ტურში ვლინდება დარჩენილი კანდიდატების სია მიღებული ხმების რეიტინგით (კლების მიხედვით). კენჭისყრა ტარდება თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალურად, „კი“ (მომხრე) და „არა“ (წინააღმდეგი) პრინციპით. თუ რეიტინგით მომდევნო კანდიდატმა ვერ მიიღო 50%+1 „მომხრე“ ხმა, კენჭისყრაზე დგება რეიტინგით შემდეგი კანდიდატის საკითხი. პროცესი გრძელდება ვაკანტური ადგილების სრულად შევსებამდე.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე)
