შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სტიპენდიის გაცემის წესი

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

დამტკიცებულია
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მიერ
2026 წლის 22 მარტს.





ვიკიმედია საქართველოს
სტიპენდიის გაცემის წესი


თბილისი
2026 წელი





შესახებ

ვიკიმედია საქართველოს (შემდგომში „ორგანიზაცია“) სტიპენდიის გაცემის წესი განსაზღვრავს ორგანიზაციის მიერ გაცემული სტიპენდიების სახეს, მათ დანიშნულებას, გაცემის პროცედურებს, გამოყენების სფეროს, მიმღებ პირთა ანგარიშვალდებულებას და მოხსენების პროცედურებს.

წინამდებარე წესი დამტკიცებულია ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს მიერ და საჭიროებს მის დაცვას და გამოყენებას სრულად. მასში ცვლილებების შეტანა ან საგამონაკლისო სახით მისი ცალკეული დებულებების უგულბელყოფა შესაძლებელია ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სტიპენდიის სახე

ვიკიმედია საქართველო გასცემს სტიპენდიებს თავისი „წესდებით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მათ მისაღწევად, თავისი ორგანიზაციის წევრებისა და ადგილობრივი ვიკიმედიური მოძრაობისა და საზოგადოების მხარდასაჭერად. სტიპენდია შეიძლება იყოს სრული, რომელიც ფარავს სრულ ხარჯებს, და ნაწილობრივი, რომელიც ფარავს ხარჯების წინასწარ განსაზღვრულ გარკვეულ ნაწილს.

ორგანიზაცია გასცემს შემდეგი სახის სტიპენდიებს:

  • საერთაშორისო სამოგზაურო სტიპენდია — გაიცემა ერთჯერადად ამავე წესით განსაზღვრული პროცედურების დაცვით პირზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პირის მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონალური (ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა) მნიშვნელობის ღონისძიებებზე, მათ შორის, კონფერენციებსა და შეხვედრებში.
  • ადგილობრივი სამოგზაურო სტიპენდია — გაიცემა ერთჯერადად ამავე წესით განსაზღვრული პროცედურების დაცვით პირზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პირის მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე გასამართ ღონისძიებაზე, მათ შორის, ვიკიმედია საქართველოს მიერ ორგანიზებულ ან თანაორგანიზებულ ღონისძიებებზე.
  • სასწავლო სტიპენდია — გაიცემა ამავე წესით განსაზღვრული პროცედურების დაცვით პირზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პირის დაშვება სასწავლო კურსებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, პირის უნარების და ცოდნის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით.

სტიპენდია გაიცემა არამატერიალური სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ პირი ან პირები ვერ მიიღებ სტიპენდიას ფულადი სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა კონკრეტული ხარჯების ანაზღაურება, შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სტიპენდიის დანიშნულება

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდია განსაზღვრულია ორგანიზაციის წესდების მიხედვით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მათ შორის:

  • საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა სახის ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების, გავრცელებისა და საერთაშორისო პროექტებში ასახვის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის წარდგენა საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში;
  • თავისუფალი ცოდნის ხელშეწყობა;
  • თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის და განვითარების პროცესის ხელშეწყობა;
  • ენციკლოპედიური ინფორმაციის და თავისუფალი ცოდნის ხელშეწყობასთან დაკავშირებული სხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება საგამონაკლისო წესით აქ ჩამოთვლილი მიზნებისა და ამოცანების გარდა, სხვა დამატებითი მიზნებისთვის, რაც იქნება კავშირში ორგანიზაციის წესდებასთან, გამოიყენოს სტიპენდიის გაცემა.

გაცემა

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, წინასწარ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანებისთვის. სტიპენდიის დამტკიცება შეუძლია კონკრეტულ პირზე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს, ან სამეურვეო საბჭოს ნებართვით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს.

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის მიმღები პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირებობს:

  • უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანი პირი, ან, არასრულწლოვანი პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელი წარმოადგენს წერილობით ნებართვას სტიპენდიის მიღებაზე;
  • უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი);
  • არ უნდა იყოს დაბლოკილი ვიკიმედიის (www.wikimedia.org) არცერთ პროექტში;
  • არ უნდა ჰქონდეს ვიკიმედია საქართველოს ან „ფონდ ვიკიმედიის“ შეზღუდვა ვიკიმედიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
  • არ უნდა ჰქონდეს სხვა ორგანიზაციიდან მიღებული სტიპენდია იგივე ღონისძიებაზე, პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობაზე;
  • უნდა დაიცვას ვიკიმედიის უნივერსალური ქცევის კოდექსი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მეგობრული სივრცის პოლიტიკა და ასევე ვიკიმედია საქართველოს წესდება;
  • უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმალური მონაწილეობითი წვლილი ვიკიმედია საქართველოს ან „ფონდ ვიკიმედიის“ პროექტებსა და პროგრამებში.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს, ასევე სამეურვეო საბჭოს ნებართვით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, საგამონაკლისო სახით შეუძლია მოხსნას ან დაამატოს კონკრეტული მოთხოვნები ზოგად პირობებში.

გარდა ზემოთ მოცემული პირზე სტიპენდიის გაცემის შესახებ ზოგადი მოთხოვნებისა, ვიკიმედია საქართველო აწესებს „ფონდ ვიკიმედიის“ და სხვა ვიკიმედიური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაზე („ვიკიმანია“; „ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიური შეხვედრა“, იგივე „Wikimedia CEE Meeting“) დამატებით პირობებს, შემდეგი სახით:

  • დამატებითი მოთხოვნები „ვიკიმანიაზე“ დასასწრებად მისაღებ სტიპენდიაზე:
    • პირი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანი ღონისძიებაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღისთვის;
    • უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს დარჩენილი ღონისძიების დასრულების თარიღამდე;
    • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, უნდა იყოს ვიკიმედიის პროექტებში რეგისტრირებული მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, ქართულენოვან ვიკიპედიაში ან ვიკიმედიის ნებისმიერ სხვა პროექტში უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 2 000 რედაქტირება;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, მინიმუმ ვიკიმედია საქართველოს 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.
  • დამატებითი მოთხოვნები „ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიური შეხვედრაზე“ დასასწრებად მისაღებ სტიპენდიაზე:
    • პირი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანი ღონისძიებაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღისთვის;
    • უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს დარჩენილი ღონისძიების დასრულების თარიღამდე;
    • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, უნდა იყოს ვიკიმედიის პროექტებში რეგისტრირებული მინიმუმ 1 წლის განმავლობაში;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, ქართულენოვან ვიკიპედიაში ან ვიკიმედიის ნებისმიერ სხვა პროექტში უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 2 000 რედაქტირება;
    • სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყების თარიღისთვის, მინიმუმ ვიკიმედია საქართველოს 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს, ასევე სამეურვეო საბჭოს ნებართვით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, საგამონაკლისო სახით შეუძლია მოხსნას ან დაამატოს ზემოთ მოყვანილ ორ ღონისძიებაზე გასაცემ სტიპენდიის პირობებში კონკრეტული მოთხოვნები.

სტიპენდიანტთა შერჩევის პროცესს და პროცედურებს წინასწარ განსაზღვრავს ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირზე სტიპენდიის გაცემის შესახებ, იღებს სამეურვეო საბჭო ან მისივე გადაწყვეტილებით ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. სამეურვეო საბჭოს აქვს სრული უფლება უარი განაცხადოს ნებისმიერ პირს, რომელიც პროცესის და პროცედურების შემდეგ მიიღო სტიპენდია, გასცეს მასზე სტიპენდია.

გამოყენების სფერო

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანებისთვის და ასევე ამ წესის „სტიპენდიის დანიშნულების“ სექციაში მოცემული მიზნებისთვის.

დაუშვებელია ორგანიზაციის მიერ გაცემული სტიპენდიის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან სხვა არა თავისუფალი ცოდნის ხელშეწყობის და არა ვიკიმედიური მიზნებისთვის გამოყენება.

ანგარიშვალდებულება

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის მიმღები პირი (სტიპენდიანტი) ვალდებულია ჩააბაროს ანგარიში სტიპენდიის გამოყენების შესახებ, მათ შორის, საჭიროებისამებრ სტიპენდიის გამოყენების ფინანსური ანგარიშიც. სტიპენდიანტმა უნდა წერილობით აღწეროს თუ რა მიზნებს და ამოცანებს მიაღწია და რა შედეგი მიიღო ორგანიზაციის მიერ გაცემული სტიპენდიის გამოყენებით.

სტიპენდიანტი ასევე ვალდებულია შეასრულოს ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვალდებულებები სტიპენდიის მიღების შემდეგ, მათ შორის გაუზიაროს სხვებს მის მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

სტიპენდიანტი ვალდებულია ჩააბაროს ორგანიზაციას წერილობითი ანგარიში (რეპორტი) ღონისძიების, პროექტის ან პროგრამის ოფიციალური დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირს განუსაზღვრელი ვადით ეზღუდება ორგანიზაციისგან სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა. თუ პირი, ვერ ასრულებს ამ მოთხოვნას 30 კალენდარული დღის განმავლობაში და აქვს საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს ორგანიზაციის ადმინისტრაციას და მოითხოვოს დამატებითი დრო. თუ პირმა, ვერ შეასრულა ეს პირობა, არ მიუთითა საპატიო მიზეზი საამისოდ და 30 კალენდარული დღის გაცდენის შემდეგ ჩააბარა ანგარიში, მას ანგარიშის ჩაბარების მომენტიდან 1 წლის (365 დღე) განმავლობაში ეზღუდება ორგანიზაციის სტიპენდიის მიღება.

სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს, დაამატოს ან შეამციროს ზემოთ ხსენებული მოთხოვნები კონკრეტული მოცემულობისას.




ვიკიმედია საქართველო