ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2022/2022-01

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

01.07.2022
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2022-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





კრებას ესწრებოდნენ

  • მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
  • დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • გიორგი მელაშვილი // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (მოკლედ: ვიკიმედია საქართველო) წესდები შემოწმების პროცესი „ფონდ ვიკიმედიის“ აფილიაციის კომიტეტის (Affiliations Committee) მიერ.
  2. „პანორამის თავისუფლება“-ზე მომუშავე გუნდის სიახლეები.
  3. მოქალაქე გიორგი მელიქიძის შემოთავაზება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისთვის“, მათი სამომავლო საადვოკატო ბიუროსთან მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
  4. ვიკიპედიის ბანაკის შესახებ სიახლეები.
  5. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პროცესი.
  6. ბერლინის ვიკიმედიის სამიტის საკითხი.
  7. მაკედონიაში დაგეგმილი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრის (Wikimedia CEE Meeting) საკითხი.
  8. ვიკიმედია ევროპაში „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ გაწევრიანების საკითხი.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდება დამოწმდა „ფონდ ვიკიმედიის“ აფილიაციის კომიტეტის მიერ და იგი სრულად შეესაბამება ვიკიმედიის სტანდარტებს. შემდეგი ეტაპი იქნება ორგანიზაციის მიერ კრიტერიუმების კითხვარის შევსება აფილიაციის კომიტეტისთვის და მის მიერ მათი შემოწმება. პროცესის ბოლოს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ უნდა მიენიჭოს ჩაპტერის (Wikimedia Chapter) სტატუსი.
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ დაქირავებული იურისტების მიერ მომზადდა კვლევა და შესაბამისი შემოთავაზება პარლამენტისთვის, რომელიც უნდა უზრუნველყოს საქართველოში „პანორამის თავისუფლება“, საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. ამ საქმეში ვიკიმედია საქართველოს ეხმარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნულ საკითხზე. საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
  • მოქალაქე გიორგი მელიქიძე, რომელიც ამავე დროს არის ორგანიზაციის მიერ დაქირავებული ერთ-ერთი იურისტი, ზეპირი განცხადებით მიმართა ვიკიმედია საქართველოს თავმჯდომარეს, რომ თუ შეძლებდა ორგანიზაცია მის და მისი კოლეგის მიერ საადვოკატო ბიუროს გახსნის შემთხვევაში, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა ზემოთ მოხსენებული პირის და მისი კოლეგის მიერ საადვოკატო ბიუროს გახსნის შემთხვევაში მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.
  • „ვიკიპედიის ბანაკი 2022“ გაიმართება 2022 წლის 21-25 ივლისს, ქალაქ ბორჯომში. ამ დღეების ფარგლებში ვიკიტექნოლოგიებს დაეუფლება 15 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ვიკიმედია საქართველოს ბანაკის წევრებიც, მოქმედი ყველა ბანაკიდან. პროცესს 5 მენტორი მასწავლებელი გაუძღვება.
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2022 წლის 5 თებერვალს მოეწერა. მხარეები აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით, რომელიც უზრუნველყოფს ვიკიმედიის პროექტებისა და მოძრაობის განვითარებას საქართველოში და ქართულ ენაზე.
  • ვიკიმედიის ბერლინის სამიტი წელს 9-11 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა, როგორც ადგილზე, ბერლინში, ისე ონლაინ გაიმართება. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ადგილზე წარმომადგენელი იქნება მიხეილ ჭაბუკაშვილი, ორგანიზაციის პროექტ-მენეჯერი, ხოლო ონლაინ წარმომადგენლები იქნებიან ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეჰმან იბრაგიმოვი, და ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი, დავით ასრიაშვილი.
  • მაკედონიაში დაგეგმილი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრა (Wikimedia CEE Meeting) უნდა გაიმართოს 2022 წლის 14-16 ოქტომბერს, მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ ადგილზე წარადგენენ ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეჰმან იბრაგიმოვი და ორგანიზაციის ვიკიკლუბების კოორდინატორი, ჯაბა ლაბაძე.
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა ორგანიზაციის „ვიკიმედია ევროპაში“ გაწევრიანება. ვიკიმედია ევროპა გახდება ვიკიმედიის ევროპული აფილიაციების ჰაბი და იმუშავებს ვიკიმედიის მოძრაობის განვითარებაზე, ევროპის მასშტაბით.



[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)