შინაარსზე გადასვლა

ვიკიბანაკები საქართველოში: მეტი ახალი მოხალისე ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან

მოხალისე რედაქტორების ნაკლებობა განსაკუთრებით თვალშისაცემი პატარა ვიკიპედიებშია. მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ მათ შორის ყველაზე რეალური არის ის, რომ პატარა ვიკიპედიები შექმნილია მცირე ენათა გარშემო, რომლებზეც არც თუ ისე ბევრი ადამიანი საუბრობს. ამას გარდა, როგორც წესი, ეს არის ენები, რომლებზეც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში საუბრობენ, როგორც წესი, მხოლოდ ერთ ქვეყანაში და არსად სხვაგან მსოფლიოში. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ ქვეყნებში შედარებით დაბალია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაც.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ლოგიკურად ნიშნავს მედიაწიგნიერების დაბალ დონეს და ვიკიპედიის ცნობადობის ნაკლებობას. შეიძლება, ვიკიპედია ინტერნეტმომხარებელთა დიდმა ნაწილმა იცოდეს, მაგრამ არ იცოდეს, როგორ მუშაობს ის, როგორ იქმნება, ვინ ქმნიან და როგორი შეიძლება იყოს მათი წვლილი ამ საქმეში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიტუაცია სწორედ ასეთია. ქართულ ენაზე მსოფლიოში მხოლოდ საქართველოში საუბრობენ და შესაბამისად, ქართული ვიკიპედიის ძირითადი კონტრიბუტორიც სწორედ საქართველოა. მოხალისე ვიკიპედიელთა/ვიკიმედიელთა ნაკლებობა თვალშისაცემია და ეს ფაქტი წლიდან-წლამდე სულ უფრო აშკარა და პრობლემატური ხდება. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ღონისძიებებით, რადგან ვხედავთ, რომ მოხალისეები ვიკიპედიაში თავისი ნებით სულ უფრო იშვიათად მოდიან.

ორგანიზაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული და დროში გამოცდილი ღონისძიებაა ვიკიბანაკი. ვიკიბანაკის მიზანი ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტებისა თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავე დროს, გულისხმობს მათ აქტიურ დასვენებას. ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეული მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებიან რომელიმე სასტუმროში, სადაც გამოცდილი ვიკიპედიელები დეტალურად ასწავლიან ვიკიმედიის პროექტებში (ვიკიპედია, ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიკიციტატა და ა.შ) მუშაობას. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მათ უკვე დამოუკიდებლად, სრულყოფილად შეუძლიათ ვიკიმედიის პროექტების რედაქტირება და წვლილის შეტანა. ყოველგვარ ხარჯს ფარავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“. პირველი ვიკიბანაკი საქართველოში 2019 წელს გამართა და მას შემდეგ, ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი მიეცა. 2023 წელს უკვე წელიწადში ორი ბანაკი მოეწყო.

წლის პირველი ვიკიბანაკი 2023 წლის 9–13 მარტს გაიმართა, ქალაქ ბორჯომში. საქართველოს რეგიონების სხვადასხვა სკოლის 16-მა მასწავლებელმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორმა თანამშრომელმა ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. აითვისეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე. ვიკიბანაკში მასწავლებელთა მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხელი მიუწვდებათ დიდ პოტენციურ აუდიტორიაზე — საკუთარ მოსწავლეებზე, რომლებსაც შემდეგ შეიძლება ასწავლონ ის ყველაფერი, რაც თავად ისწავლეს ვიკიპედიაში. მონაწილეთა უმეტესი ნაწილი ქალი იყო, რაც ამავე დროს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიკიგეპის აღმოფხვრის თვალსაზრისითაც.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მონაწილემ, ბანაკის დასრულების შემდეგ, ვიკიპედიის რედაქტირება განაგრძო. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოირჩეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჩართულობა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ყველაზე დიდი და ძველი ბიბლიოთეკის რესურსს და პოტენციალს ვიკიმედიის პროექტების გასამდიდრებლად. მართლაც, ბანაკის მონაწილეები ბიბლიოთეკიდან, დღემდე აქტიურად არედაქტირებენ ვიკიპედიას მათ ხელთ არსებულ დიდ რესურსზე დაყრდნობით.

მეორე ვიკიბანაკი 30 ივნისი - 3 ივლისს, ასევე ბორჯომში გაიმართა. ბანაკში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მთელი საქართველოდან, კერძოდ, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილი ექვსი ვიკიკლუბიდან. ვიკიმედიის პროექტების გამოცდილმა მოხალისე რედაქტორებმა მათ უკეთესად ასწავლეს ვიკიპედიაში, ვიკისაწყობში, ვიკიმონაცემებსა და ვიკიციტატაში მუშაობა. ტრენინგების პარალელურად, იმართებოდა სხვადასხვა სახის შემეცნებითი თუ სპორტული აქტივობები, ექსკურსიები ქალაქში. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ის მეგობრული კავშირები, რაც მოსწავლეებს შორის დამყარდა. შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება კავშირები საქართველოში მოქმედ ვიკიკლუბებს შორის, მათ შორის, ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება ვიკიბანაკის მსვლელობის დროს შექმნილი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით.

მოსწავლეთა ვიკიბანაკები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც ვიკიმედიის ქართულენოვან პროექტებს უკვე მრავალი მოხალისე რედაქტორი და ათასობით ახალი სტატია შესძინა, რომ აღარაფერი ვთქვათ არსებული კონტენტის გაუმჯობესებაზე.