ვიკიბანაკი 2022 ბორჯომი
ვიკიბანაკი არის „ვიკიმედია სომხეთის“ პროექტი, რომელიც თავდაპირველად სომხეთში დაიწყო. სომხური ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის სომხურენოვანი პროექტების განვითარებაა სომხეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას. პროექტი პირველად ქალაქ ვანაძორში, 2014 წელს განხორციელდა. სომხეთის შემდეგ, პროექტი ვიკიმედიის რამდენიმე სხვა ორგანიზაციამ განახორციელა, მათ შორის, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“. ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით. ქართული ვიკიბანაკის მონაწილეები შეისწავლიან ვიკიტექნოლოგიებს და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდება ვიკიპედიაში მუშაობაზე. ვიკიბანაკის უმთავრესი მთავარი მიზანია ახალი მოხალისეების შეძენა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში იცხოვრებენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. სესიები გაიმართება დღის განმავლობაში. ახალგაზრდები გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნიან და თარგმნიან სტატიებს ქართულ ვიკიპედიაში. განხორციელდება შემეცნებითი გასვლები ქალაქში და სხვადასხვა სახის სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. ორივე გზის (თბილისი-ბორჯომი — ბორჯომი-თბილისი) და სასტუმროში განთავსების ხარჯებს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დაფარავს. |
დრო და ადგილიდრო: 21-24 ივლისი |