ვმ საქართველო/ვიკიკლუბების განვითარების სტრატეგია

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვიკიკლუბების განვითარების სტრატეგიის გვერდი

როგორ გაჩნდა იდეა

ვიკიკლუბების ისტორია საქართველოში დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო. ოფიციალურად პირველი ვიკი-კლუბი ერთდროულად გაიხსნა მარნეულსა და სურამში 2020 წლის მარტში. თუმცა არაოფიციალურად, სურამის ვიკი-კლუბი უკვე 2016 წლიდან არსებობდა.

2014 წლიდან მოყოლებული ვიკიპედიელთა კონფერენციებზე დასწრებისა და გამოცდილების გაზიარების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ვიკიკლუბები ხელს უწყობენ ვიკიმედიის პროექტების განვითარებას. აქტიურად ვეცნობოდით კლუბების მუშაობის სტრატეგიებს და უკვე 2020 წლისათვის ცხადი გახდა, რომ ვიკი-კლუბების არსებობა საქართველოშიც გაამართლებდა, სწორედ ამ მიზნით ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა გადაწყვიტა გაეხსნა პირველი ვიკიკლუბები. შევარჩიეთ ორი ლოკაცია: ქვემო ქართლის რეგიონიდან მარნეული და შიდა ქართლის რეგიონიდან სურამი. ახლადგახსნილ კლუბებს ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისაგან გადაეცა 2-2 ერთეული კომპიუტერი და ვიკიტრენინგების ჩასატარებლად პროექტორი. კლუბები ემსახურება როგორც კონკრეტული დასახლებული პუნქტების, ასევე მიმდებარე დასახლების მოსახლეობას.

დაიწყო მოსწავლეების აქტიურად ჩართვა ვიკიპედიის განვითარებაში. პარალელურად მოსწავლეები აქტიურად სწავლობდნენ და იღრმავებდნენ ცოდნას კონკრეტულ სასკოლო საგნებში და ამდიდრებდნენ და ხარისხობრივად მაღალ დონეზე აჰყავდათ ვიკიპედია. ვიკიკლუბების მოსწავლეების წარმატებების შემდეგ გაჩნდა სურვილი მსგავსი ვიკიკლუბები გახსნილიყო საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში. 2021 წელს კიდევ ორი ვიკიკლუბი გავხსენით. 20 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შეუდგა ფუნქციონირებას მესამე ვიკიკლუბი, ხოლო ამავე წლის 10 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე მეოთხე ვიკიკლუბიც დაარსდა. 2022 წლის 14 მაისს კი კლუბების რიცხვს მიემატა სენაკის ვიკი-კლუბი, სენაკში მდებარე კერძო სკოლის ბაზაზე და ამავე წლის 19 ნოემბერს რუსთავის ვიკი-კლუბი, რუსთავის მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე. 2023 წლის 27 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა მეშვიდე ვიკიკლუბი სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე.

მუშაობის სტრატეგიები

ბანაკები

ადგილებზე ვიკიკლუბების გაძლიერების მიზნით ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა დაიწყო ვიკი-ბანაკების გამართვა ვიკიკლუბების წარმომადგენლებისათვის. ბანაკში თითოეული კლუბიდან 2-3 ახალი წევრი მონაწილეობს. ამავე ბანაკებში ვატრენინგებთ პოტენციური ვიკიკლუბების რამდენიმე მოსწავლესაც.

ტრენინგები

ვიკიკლუბების წევრებისთვის იმართება „ვმ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ვიკიმონაცემების ტრენინგები, რომლის მიზანია ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში. აგრეთვე, კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ვიკიმონაცემები.

გამომდინარე აქედან, გარდა პროექტის ხარისხის გაუმჯობესებისა, გვსურს, რომ გავაუმჯობესოთ იმ კონტრიბუტორთა (მონაწილეთა) უნარებიც, რომლებიც ამ პროექტში მუშაობით არიან დაინტერესებული. ამ მიზნით ტარდება ამ სახის ღონისძიებები ვიკიკლუბების წარმომადგენლებისათვის.

Youtube-არხი

ქართულ ვიკიპედიაში თუ ვიკიბანაკებში ახალბედებთან მუშაობის დროს ძალიან ხშირად გვესმოდა ერთიდაიგივე კითხვები, რომელზეც ბუნებრივია გვიწევდა პასუხების გაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს სისტემატურ შეკითხვებს მარტივად გავმკლავებოდით და კიდევ ვიკიპედიის და მისი პროექტების ონლაინ შესწავლა გამარტივებულიყო შევქმენით Youtube-არხი @wikiclubs, სადაც დაწყებული რეგისტრაციიდან დამთავრებული ხშირად დასმულ შეკითხვებამდე, სპეციალური პროგრამის საშუალებით ვტვირთავთ პატარა ვიდეოებს. შედეგად ვიკიტექნოლოგიების სწავლება გაცილებით გამარტივდა, როგორც ვიკიპედიაში ასევე მის დობილ პროექტებში.

კონკურსი:ვიკიკლუბების 100 დღე

2022 წლის 1 მარტს დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდა ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონკურსი ვიკიკლუბების 100 დღე. კონკურსს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. კერძოდ, ვიკიკლუბების წევრების წახალისება და მათ მიერ ქართულ ვიკიპედიაში სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. კონკურსი გაიმართა მხოლოდ ვიკიკლუბების წევრებისთვის. მათ შეეძლოთ შეექმნათ დღეში ერთი სტატია ქართულენოვან ვიკიპედიაში. სტატია უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3 000 ბაიტისაგან შემდგარი.

კონკურსში თავდაპირველად მონაწილეობა დაიწყო სამი კლუბის (სურამის, არალისა და მარნეყულის) ექვსმა წარმომადგენელმა. საბოლოოდ კონკურსში გამოვლინდა 4 გამარჯვებული. ჯამში დაიწერა 489 სტატია, აქედან შეფასდა 400.

სამომავლო გეგმები

რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, რომ ვიკიკლუბების მთავარი გამოწვევა არის რეგიონებში ვიკიპედიის და ვიკიტექნოლოგიების მცოდნე კადრების მომზადება, რომლებიც ადგილზე უხელმძღვანელებდნენ ვიკიკლუბებს. სწორედ ამ მიზნით დაგეგმილი გვაქვს იმ სკოლების პედაგოების ტრენინგი, სადაც გახსნილია ვიკიკლუბები. პედაგოგების გადამზადება ხელს შეუწყობს ვიკიკლუბების განვითარებას და კლუბები უფრო მეტად ქმედითუნარიანები გახდებიან.

ვიკიკლუბების გახსნას ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია მათი საშუალებით გაიზარდა ქართული ვიკიპედიის კონტენტი, შესაბამისად ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს და ვფიქრობთ მოვიცვათ საქართველოს ყველა რეგიონი.

გარდა ამისა ვფიქრობთ ვიკიკლუბების უფრო მეტად გააქტიურებისათვის და ვიკიპედიის კონტენტის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ვიკიკლუბებს შორის კონკურსების ჩატარება.


ვმ საქართველო