საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020/შეჯამება

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020
საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020


საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020 გაიმართა 2020 წლის 26 დეკემბერს, 18:00-21:00 ფარგლებში. კონფერენციას სულ დაესწრო 17 პირი.

კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო ვმ საქართველოს 2020 წლის საქმიანობის შედეგების გაცნობასა და შეჯამებას, ასევე 2021 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენასა და განხილვას. სესიის ფასილიტატორი იყო „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე მეჰმან იბრაგიმოვი.

2020 წლის შეჯამება

2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში „ვმ საქართველოს“ საქმიანობაზე საუბრისას, მეჰმან იბრაგიმოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ 2020 წელს 9 კონკურსი გამართა, საიდანაც 8 კონკურსი უშუალოდ გაიმართა ქართულ და სხვაენოვან ვიკიპედიებში და გამიზნული იყო ახალი კონტენტის შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებაზე. 2020 წლის სექტემბერში ასევე გაიმართა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ვიკის უყვარს ძეგლები“, რომელიც კულტურული და ისტორიული ძეგლების გადაღებას და მათ ვიკისაწყობში ატვირთვას გულისხმობს.

„ვმ საქართველოს“ ხელმძღვანელობით და ფინანსური მხარდაჭერით გამართულ და საერთაშორისო კონკურს „ვიკის უყვარს კავკასიის“ ფარგლებში მონაწილეობა კონკურსში, გარდა რეგიონალური ვიკიპედიებისა (ქართული, აზერბაიჯანული, თურქული, ჩეჩნური, ოსური, ლეზგური, რუსული) მონაწილეობა მიიღეს სხვა ვიკიპედიებმაც, მათ შორის უზბეკური, უკრაინული, ბაშკირული, ურდული, ესპანური და კატალონიური.

ჯამში ამ კონკურსების ფარგლებში შეიქმნა სულ 2 500-მდე ახალი სტატია და გაუმჯობესდა 300-მდე სტატია. ფოტოკონკურსის ფარგლებში კი 300-ზე მეტი ახალი სურათი აიტვირთა.

2020 წელს სრული დატვირთვით ამუშავდა 2 ვიკიკლუბი — მარნეულის და სურამის. ჯამში ორ ვიკიკლუბში გაერთიანებულია 20-მდე მოხალისე, რომლებიც 2020 წელს სულ 300-ზე მეტი ახალი სტატია შექმნეს ქართულ ვიკიპედიაში. ორივე ვიკიკლუბში 30-ზე მეტი ტრენინგი და შეხვედრა გაიმართა, მათი უმრავლესობა არსებული ვითარებიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

2020 წელს, ვმ საქართველომ გააფართოვა თანამშრომლობის ქსელი და უკვე ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან, მათ შორისაა „თიბისი ბანკი“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, „საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი“, ილიაუნის მუსიკის სკოლა, „განათლებისა და განვითარების ცენტრი“ და „ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია“. ამ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში „ვმ საქართველომ“ გამართა არაერთი ერთობლივი პროექტი, რომელიც ქართულ ვიკიპედიას 1000-მდე ახალი სტატია შესძინა და ათეულობით სტატია გააუმჯობესა.

2021 გეგმები

2021 წლის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას, იბრაგიმოვმა აღნიშნა, რომ „ვმ საქართველო“ ისევ გააგრძელებს ქართული (და არა მარტო) ვიკიპედიის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, მათ შორის ვიკიპედიის კონტენტის ზრდაზე მიმართული კონკურსების გამართვას. 2021 წელს იგეგმება ისეთი საერთაშორისო და ლოკალური კონკურსების მოწყობა, როგორიცაა „ვიკიგაზაფხული“, „ვიკის უყვარს კავკასია“ და „ვიკიპედიის აზიის თვე“.

2021 წელს იგეგმება ლოკალური ვიკიბანაკის გამართვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ბანაკი ზაფხულის თვეებში მოეწყობა.

იგეგმება აქტიური ტრენინგ სესიების გამართვა დაინტერესებული პირებისთვის. აქტიურად გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და არასაგანმანათლებლო ინსტიტუტებში. შეიქმნება მყარი საფუძველი პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების გასამართად.

2021 წელს იგეგმება დამატებით 3 ახალი ვიკიკლუბის შექმნა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაო.

აქტიური შეხვედრები მოეწყობა ვიკისაზოგადოებისთვის, გარდა ამისა გაიმართება მათთვის სხვადასხვა სახის ტრენინგები ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ.

ვიკიკლუბები

არსებული ვიკიკლუბების მდგომარეობაზე, სტატისტიკაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა ჯაბა ლაბაძემ. მან აღნიშნა რა მნიშვნელობა გააჩნია ვიკიკლუბებს ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეების მოზიდვის, მათთვის ვიკიტექნოლოგიების შესწავლის და მდგრადი მოხალისეობრივი ბაზისის შექმნის კუთხით. გააცნო ვიკიკლუბების სტატისტიკას, მათ შორის ახსენა რამდენი ახალი სტატია შეიქმნა და გაუმჯობესდა, რამდენი მოხალისე რედაქტორი მუშაობს და რამდენი ტრენინგი/შეხვედრა გაიმართა წლის მანძილზე.

ლაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს იგეგმება სამი ახალი ვიკიკლუბის გახსნა საქართველოს სამ განსხვავებულ რეგიონში.

აფხაზური ვიკიპედია

აფხაზურ ვიკიპედიაში ვიკისკოლა საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტზე ისაუბრა მანანა შეყილაძემ. მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ სტატიების მომზადება როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ ვიკიპედიაში. მისი ინფორმაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა ფინანსების გამოყოფა, რაც სრულიად დაიხარჯა უკვე არსებული სტატიების აფხაზურ ენაზე თარგმნაში. არსებული პროექტის შესაბამისად ასატვირთად უკვე მზადაა 80 სტატია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომელიც 27 დეკემბერს ვიკისკოლა საქართველოს მოსწავლეების მიერ აიტვირთება აფხაზურენოვან ვიკიპედიაში.

მანანა შეყილაძემ ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი ონლაინ ბანაკი გაიმართება 2021 წლის 31 იანვარს და იგეგემება დაახლოებით 70 სტატიის ატვირთვა აფხაზურ ვიკიპედიაში, კვლავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

ვიკისკოლა საქართველო

ვიკისკოლა საქართველოს 2020 წლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა მანანა შეყილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა წლის დასაწყისში, რომელიც კვირაში სამი სხვადასხვა ჯგუფის აქტივობაში გამოიხატებოდა, ხოლო პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების შემდეგ ვიკისკოლის წევრებმა ონლაინ პლათფორმაზე გადაინაცვლეს.

ვიკისკოლა საქართველოს მთავარ სამუშაო თემატიკას საქართველოს მუნიციპალიტეტები წარმოადგენდნენ.

შექმნილი სტატიები

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 267 სტატია,
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი - 351 სტატია,
  • თიანეთის მუნიციპალიტეტი - 297 სტატია,
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - 226 სტატია,
  • ყვარლის მუნიციპალიტეტი - 213 სტატია,
  • კასპის მუნიციპალიტეტი - 30 სტატია.

ვიკისკოლა საქართველოს მიერ 2020 წელს ჯამში 1 400-მდე სტატია შეიქმნა და მისი მონაწილეები განაგრძობენ აქტიურ მუშაობას კასპისა და ქერელის მუნიციპალიტეტების შესახებ სტატიების შექმნაში.

კონკურსების ფორმატის შეცვლა

კონფერენციაზე ითქვა, რომ საჭიროა კონკურსების არსებული ფორმატის შეცვლა. კერძოდ, საჭიროა წინასწარ ან კონკურსების მსვლელობის დროს ჩატარდეს გაცნობითი სახის შეხვედრები კონკურსანტებთან და მათ აეხსნას თუ როგორ მუშაობს ვიკიმედიის პროექტები. საჭიროა კონკურსანტებისთვის რედაქტორების საფუძვლების შესწავლა.

ვიკიპედიაში არსებული სიტუაცია

ქართულ ვიკიპედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ვიკიპედიის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, მიხეილ ჭაბუკაშვილმა.

ბოლო წლებში ქართულ ვიკიპედიაში გარემო არც ისე კარგია. შეინიშნება მომხმარებელთა ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა.

ასეთმა სიტუაციამ ქართული ვიკიპედიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა, გაუარესდა გარემოს სიჯანსაღე, იკლო ახალ მოხალისეთა შემოერთებამ.

ერთ საკითხზე დაწყებული დავა ხშირად სცდება საკითხს და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის, რასაც მოსდევს წესების დამრღვევ მომხმარებელთა ბლოკირება; ამის გამო, დაბლოკილ მომხმარებელთაგან ადმინისტრატორების მიმართულებით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ და ა. შ.

ამ სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად მიმაჩნია მეტი კომუნიკაცია აქტიურ მომხმარებლებს შორის, თუნდაც სხვა პლატფორმებზე, იდეების მეტად გაზიარება, პრიორიტეტად ვიკიპედიის აღება და არა პირადი ამბიციების დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, მომხმარებელთა ერთი ჯგუფი გამუდმებით დევნის ახალ მომხმარებლებს, რითაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის უმთავრეს პრინციპს — თავისუფლებას და ყველასთვის ღიაობას. ამავე დროს, ეს ჯგუფი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი კონტენტისა და მომხმარებლების მოზიდვის მიზნით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსებს. ამ საკითხზე კომუნიკაციის მრავალი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, პირველადი თანხმობის მიუხედავად, უარს ამბობენ კონკურსის ჟიურის წევრობაზეც.

ხშირად ხდება ვიკიპედიის რესურსის არამიზნობრივად გამოყენება, განხილვის თემიდან მიზანმიმართული გადახვევა, თანაც ისე, რომ არაერთხელ მითითების შემდეგაც, ამის ჩამდენი ვერ იგებს (სამწუხაროდ) რომ ეს წესების დარღვევაა.

დაუშვებელია ვიკიპედია გადავაყოლოთ ურთიერთბრალდებებს, შურისძიებას, დევნას. პირადად მე, როგორც ადმინისტრატორი და ბიუროკრატი, მზად ვარ, გამოვიყენო ყველა რესურსი, რომ ქართული ვიკისაზოგადოება ხშირ შემთხვევაში იყოს ერთიანი, ერთი მიზნით, ვიკიპედიის განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანსაღი. იდეალური იქნებოდა, რომ განხილვები ეხებოდეს მხოლოდ ამ მიზანს და არა პირად დევნას, ურთიერთბრალდებებს — ჩემი აზრით, დღეს ეს საკითხი ქართული ვიკიპედიის მთავარი გამოწვევაა, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას საჭიროებს.