ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2025
ვიკიმედია საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმა
2025
ჩვენ შესახებ
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (ვიკიმედია საქართველო; WMGE) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. მომხმარებელთა ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში (ვიკიპედია, ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიკიწყარო და ა.შ.) და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.
პროგრამები
კონტენტის გაზრდა
ვიკიმედია საქართველო აქტიურად გააგრძელებს კონტენტში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მხარდაჭერას, რისთვისაც განავითარებს ვიკიმედიის პროექტებში უკვე არსებულ კონტენტს და ამავე დროს შექმნის ახალს. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ აქტიურ რედაქტორთა რაოდენობა ქართულენოვან ონლაინ პროექტებში. ასევე გავაუმჯობესებთ ახალ რედაქტორთა მოზიდვის მაჩვენებელს, რისთვისაც ჩავატარებთ ახალ მიზნობრივ პროექტებს ვიკიმედიის პროექტებში.
ვიკიმედია საქართველო ასევე აქტიურად გააგრძელებს ქართულ ენაზე ვიკიმედიის ახალი პროექტების მხარდაჭერას, რომელთაგან ერთ-ერთიც არის ვიკიწყარო. პროექტი ინკუბატორიდან 2024 წლის მაისში გამოვიდა, მას შემდეგ, რაც აქტიური მუშაობა გასწიეს ვიკიმედია საქართველოს მოხალისეებმა.
ვიკიმედია საქართველო ვიკიმედიის პროექტების კონტენტში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებას შემდეგი აქტივობების განხორციელებით გეგმავს:
- სტატიების კონკურსები: ორგანიზაცია გააგრძელებს თემატური კონკურსები ჩატარებას და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას (ვიკიგაზაფხული, ვიკიპედიის აზიის თვე და ა. შ.), რასაც უკვე ტრადიციული სახე აქვს. თუმცა, მთავარი ფოკუსი მაინც იქნება იმაზე, რომ რედაქტორებმა მონაწილეობა მიიღონ ნაკლები მატერიალური ინტერესის საფუძველზე.
- მედიაკონკურსები: ფოტოკონკურსების ორგანიზება, მაგალითად, ვიკის უყვარს ძეგლები და ვიკის უყვარს დედამიწა. ასევე, ფოტოლაშქრობების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა ნაწილში.
- ვორკშოპები და ტრენინგები: ტრენინგებისა და ვორკშოპების ჩატარება სხვადასხვა ინსტიტუციებში ვიკიმედიის პროექტებზე მომუშავეთათვის. მათ შორის იქნება ტრენინგები ვიკიპედიის რედაქტირების, ვიკისაწყობში წვლილის შეტანისა და ვიკიმონაცემების რედაქტირების შესახებ.
- ედიტ-ა-თონები: ედიტ-ა-თონების სერიები ჩატარდება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის „WikiGap“-ზე.
- რეკრუტირება და შენარჩუნება: შენარჩუნების აქტივობათა ორგანიზება, მაგალითად, პირადი შეხვედრები რედაქტორებთან და წვლილის აღიარების ჯილდოები.
საზოგადოების განვითარება
ვიკიმედია საქართველოს პრიორიტეტი და საკვანძო მიზნებია ვიკისაზოგადოების განვითარება, მხარდაჭერა და მდგრადობა. ამ მიზანთა მისაღწევად, ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალ მოხალისეთა, რედაქტორთა და მხარდამჭერთა მოზიდვას, რათა წინ წასწიოს ვიკიმედიური მოძრაობა და გააძლიერის მისი პროექტები. ეს ძალისხმევა თანხვედრაშია სტრატეგიულ გეგმასთან და ხელს უწყობს ვიკიმედიის საზოგადოების გრძელვადიან ზრდას საქართველოში.
ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს არსებული პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერას, მათ შორის ვიკიბანაკებისა და ვიკიკლუბების, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ფუნქციონირებს. ყველა ამ პროექტმა უკვე დაამტკიცა ეფექტიანობა საქართველოში ვიკიმედიის მოძრაობის განვითარებაში.
2025 წელს ვიკიმედია საქართველო განახორციელებს შემდეგ აქტივობები:
- ვიკიკლუბები: ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 7 ვიკიკლუბი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფენ ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირების კურსებს. 2025 წელს, ჩვენ ვიკიკლუბთა ქსელს გავაფართოებთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2-3 ახალ ვიკიკლუბს გავხსნით.
- ვიკიბანაკები: გასული წლების განმავლობაში, ვიკიბანაკებმა დაადასტურა, რომ ეფექტიანია ვიკიმედიის პროექტებში ახალ მოხალისეთა მოზიდვაში და უკვე არსებულ რედაქტორთა უნარების განვითარებაში. ვიკიბანაკის მონაწილეები საკმარის ცოდნას იღებენ, რომელსაც შემდეგ ისინი სხვებს უზიარებენ და ეფექტიანად იყენებენ პროექტებში ყოველდღიურ მუშაობაში. 2023 წლიდან, ვიკიმედია საქართველო წელიწადში ორ ბანაკს ატარებს — ერთს მასწავლებელთათვის, რომლებიც მიღებულ ცოდნას შემდეგ მოსწავლეებს გადასცემენ. მოსწავლეები ჩვენი ვიკიბანაკების პოტენციური წევრები არიან. მეორე ბანაკი სწორედ მოსწავლეებისაა. 2025 წელს, ვიკიმედია საქართველო კვლავ ორ ბანაკს ჩაატარებს — ერთს მასწავლებლების და მეორეს მოსწავლეებისთვის.
- ვორკშოპები: ვიკიმედია საქართველო რამდენიმე ვორკშოპს ჩაატარებს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანით დაინტერესებული მხარეებისთვის. ეს ვორკშოპები გათვალისწინებულია როგორც ახალბედებისთვის, ისე უკვე არსებულ რედაქტორთათვის, რომლებიც ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს გაიუმჯობესებენ.
- ედიტ-ა-თონები: ვიკიმედია საქართველო მთელი წლის განმავლობაში გამართავს თემატურ ედიტ-ა-თონთა სერიებს, რომელთაგან ერთი, მიეძღვნება ვიკიმედიის პროექტებში გენდერული ხარვეზის გამოსწორებას.
- სტიპენდიები: ვიკიმედია საქართველო ვიკიმედიის ქართული საზოგადოების აქტიურ წევრებს ვიკიმანიასა და რეგიონულ შეხვედრებში („Wikimedia CEE Meeting“ და ა. შ.) მონაწილეობისთვის სტიპენდიებს გასცემს.
ადვოკატირება
2024 წელს, ვიკიმედია საქართველომ წარმატებით შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების შესახებ, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა „GLAM“ (გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები) ინსტიტუციის მუშაობას. ამ დაწესებულებებთან კი აქტიურად ვმუშაობთ ვიკიმედიის პროექტების განსავითარებლად. ამ სამუშაოს საბოლოო მიზანია იმ პრობლემებში გარკვევა, რომლებიც კანონმდებლობაში არსებობს და რომლებიც ზღუდავს „GLAM“-ისა და სხვა ინსტიტუციათა რესურსების ვიკიმედიის პროექტებში ინტეგრირებას. კვლევის საფუძველზე, ვიკიმედია საქართველო შეიმუშავებს ადვოკატირების სტრატეგიას, რომლის მიზანიც ამ კანონებში ცვლილების შეტანა იქნება. ადვოკატირების პროცესში, ვიკიმედია საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ფონდ ვიკიმედიის გლობალური ადვოკატირების ჯგუფთან და ვიკიმედია ევროპასთან.
ორგანიზაცია ასევე გააგრძელებს პანორამის თავისუფლების ადვოკატირებას. ამ მიმართულებით, აქტიურად ვითანამშრომლებთ ფონდ ვიკიმედიის იურიდიულ დეპარტამენტთან. ადვოკატირების სტრატეგია შემუშავდება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი, „უცხოური აგენტების“ კანონის გარშემო არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე. ეს კანონი შეეხო ვიკიმედია საქართველოსაც, რადგან ის დაფინანსებას უცხოური წყაროებისგან იღებს. ორგანიზაცია შეაფასებს ყველა რისკს და მოქმედებას და სტრატეგიასაც ამის შესაბამისად განახორციელებს.
თანამშრომლობა
ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს უკვე არსებულ პარტნიორობას სამთავრობო ორგანოებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავე დროს, ეცდება საკუთარი ქსელის გაფართოებას ახალ თანამშრომლობათა საფუძველზე. სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა წარიმართება მიმდინარე პროცესების ანალიზის საფუძველზე, ისე, რომ არ დაზარალდეს ვიკიმედია საქართველო.
პრიორიტეტად რჩება ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ბიბლიოთეკაში ჩვენ უკვე გვყავს რეზიდენტი ვიკიპედიელი და ვმუშაობთ ვიკიპედიასა და ვიკიმონაცემებში მისი რესურსების ინტეგრირებაზე.
მომავალში, ვიკიმედია საქართველოს მიზანია ახალი პარტნიორობის დამყარება თბილისისა და რეგიონების საჯარო თუ კერძო სკოლებთან. ეს ინიციატივა ამ სკოლებში ვიკიკლუბების გახსნის საშუალებას მოგვცემს, რაც ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტებში უფრო მეტი მასწავლებლისა და მოსწავლის ჩართვას.
ორგანიზაციული განვითარება
ვიკიმედია საქართველო ამჟამად ფონდ ვიკიმედიის აფილიაციის კომიტეტის მიერ ჩაპტერად აღიარების პროცესში იმყოფება, რაც 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2024 წლის დასაწყისში, „AffCom“-ის რეკომენდაციების საფუძველზე, ორგანიზაციამ შეცვალა საკუთარი წესდება, აირჩია ახალი სამეურვეო საბჭო და შეცვალა მართვის სტრუქტურა.
ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს შეხვედრებს ორგანიზაციის წევრებთან, რათა უკეთესად დაგეგმოს ორგანიზაციის წევრთა ჩართულობა მუშაობაში, დაგეგმავს სამომავლო აქტივობებს და მოიზიდავს ახალ წევრებს.